სერიალში მოქმედება მე-19 საუკუნის ბოლოს, კანადაში ვითარდება. დაფუძნებულია კანადელი მწერლის, ლუსი მოდ მონტგომერის რომანზე - "ენი გრინგეიბლიდან". მთავარი პერსონაჟია მამაცი ობოლი ენი, რომელმაც მრავალი გაჭირვება გამოიარა, თუმცა არ კარგავს ოპტიმიზმს, პოულობს ოჯახს და ცდილობს, იყოს ბედნიერი. ხანდაზმული და-ძმა, მეთიუ და მარილა კათბერტები ცხოვრობენ ოჯახურ ფერმაში, გრინგეიბლში, კანადის პატარა ქალაქის გარეუბანში. ისინი, სახლის საქმეებში დასახმარებლად, ობოლი ბიჭის აყვანას გადაწყვეტენ, მაგრამ ბავშვთა სახლის შეცდომის გამო, ბიჭის ნაცვლად, მათთან ენაჭარტალა, წითური გოგონა ენი გაგზავნეს. მან ადრე დაკარგა მშობლები, რამდენიმე სახლში მოახლედ მუშაობდა, ბავშვთა სახლში ბულინგის მსხვერპლი გახდა და ყველა განსაცდელის მიუხედავად, სიკეთის და საკუთარი თავის რწმენა არ დაუკარგავს. ენის ცხოვრებაში ფათერაკებითა და იმედგაცრუებებით, სიხარულითა და წარმატებით სავსე ახალი ეპოქა იწყება.
