ერთი ოჯახის საკუთრებაში არსებული სასტუმრო „გრანდ ოტელი“ ესპანეთის გამოგონილ სანაპირო ქალაქ კანტალოაში მდებარეობს. მის დახვეწილ ინტერიერში, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისით თარიღდება, მძაფრი დრამები, საიდუმლოებები და რომანტიკული ინტრიგები ვითარდება.
ხულიო, ახალგაზრდა მამაკაცი, „გრანდ ოტელში“ ჩადის თავისი დის, კრისტინას მოსაძებნად. როდესაც ის გაიგებს, რომ კრისტინა სასტუმროდან ქურდობისთვის გაათავისუფლეს და არავინ იცის მისი ადგილსამყოფელის შესახებ, დარწმუნდება, რომ სასტუმროში მას რაღაც დაემართა და საქმე მიჩქმალეს. ხულიო სასტუმროს მიმტანად იწყებს მუშაობას და ასე ცდილობს დაადგინოს სიმართლე. ძიების პროცესში, ხულიო სასტუმროს მფლობელის ქალიშვილს, ალისიას გაიცნობს, რომელიც მისი მოულოდნელი მოკავშირე ხდება. მათ არა მხოლოდ საერთო მიზანი, არამედ სიყვარულიც აკავშირებთ. ამ რომანტიკულ ისტორიას, მკვლელობების სერია და წყვილის გარშემო განვითარებული მოულოდნელი მოვლენები ჩრდილავს. ხულიო და ალისია ცდილობენ ერთად გაარკვიონ ყველა დაფარული ფაქტი, რომელიც „გრანდ ოტელის“ ბრწყინვალების მიღმა იმალება.
საერთაშორისოდ აღიარებულ სერიალში ასახულია მდიდრულ სასტუმროში მომხდარი იდუმალი მოვლენები. სიყვარული, შანტაჟი, ეჭვიანობა, კრიმინალი, რომელშიც ყველა ჩართულია - სასტუმროს მფლობელები, თანამშრომლები, სტუმრები...
